„როგორც გიორგი ტუღუშის საუბრიდან დავინახე სასჯელაღსრულების სისტემაში გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ დღემდე ვიცით“, - ამის შესახებ სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მოქმედ მინისტრთან, გიორგი ტუღუშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სუბარის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა ზოგადად არსებულ ვითარებაზე გაცნობითი ხასიათის იყო. მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემას დაეთმო, რადგან მისივე თქმით, ეს არის ამ სამინისტროს ყველაზე რთული ნაწილი.
„თუმცა სხვა მიმართულებებითაც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამიტომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, რათაც ჩვენ ზუსტად გავიგოთ სად არის მეტი პრობლემები და სად უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა მან.
სუბარმა აღნიშნა, რომ საუბარი ასევე იმ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო, რომელიც სტრუქტურაში არის განსახორციელებელი. მისი თქმით, ეს ცვლილება განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემას ეხება.
მისი თქმით, ტუღუშმა მას აუხსნა, რომ ამ სფეროში ექიმების ხშირი დინება შეინიშნება, სწორედ იმის გამო, რომ ამ მიმართულებით, არასათანადო დაფინასებაა.
სუბარი ასევე ამნისტიის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია ამნისტიის შესახებ საუბარი, რადგან „ეს ყველაზე არაჯანსაღი პროცესია“.
„ერთიდაიგივე დანაშაულისთვის დაკავებული სხვადასხვა პიროვნებები, რომელთაც ერთს ერთი თვე აქვს დარჩენილი, მეორეს კი ერთი თვე აქვს მოხდილი და ორივე მათგანი ერთიდაიგივე დროს თავისუფლდება, ეს არასწორი მიდგომაა და არაჯანსაღ გარემოს ქმნის, თუმცა ზოგჯერ იძულებული ხარ ასეთ ნაბიჯზეც წახვიდე. იმიტომ რომ წინა ხელისუფლება არაჯანსაღ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებდა“, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის გასაჯანსაღებელი და ამისათვის ამნისტია მხოლოდ მისი ნაწილია. მისი თქმით ამასთანავე აუცილებელია პროკურატურა და ადვოკატები თანასწორუფლებიანი იყვნენ.
„ამ შემთხვევაში ვეღარ გამოვა იმდენი უკანონო განაჩენები, რამდენიც სასამართლოებს გამოჰქონდათ. თანასწორუფლებიანობა არის უმთავრესი პრინციპი რაც სამართლებრივი სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“, - დასძინა მან.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილეების ვინაობას და სტრუქტურაში სხვა საკადრო ცვლილებებს, სუბარის თქმით, ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და აღნიშნა, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრები ოფიციალურად დამტკიცდებიან.