სოსო ცისკარიშვილი:  როგორც ჩანს,

სოსო ცისკარიშვილი: როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობა" ვალდებულია, მათი დავალებით ჩადენილი სისასტიკისთვის კუდის და სოდის თანაშრომელთა ნაწილი კვლავ დაასაქმოს

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, დედაქალაქის მერიის მიერ, უსაფრთხოების საკუთარი სამსახურის შექმნა არაარგუმენტირებული გადაწყვეტილებაა.

ცისკარიშვილის განცხადებით, თბილისელთა დაუკითხავად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ასეთი ხარჯების გაწევა ამ გადაწყვეტილების ნაუცბათეობაზე და არა არგუმენტირებულობაზე  მიანიშნებს.

„ჩვენს ქვეყანას, თუ რაიმე არ აკლდა,  ეს  პოლიციელი, ზონდერი და დაცვის სამსახურის თანამშრომლები გახლავთ. ისინი საკმარისზე მეტნი იყვნენ. როგორც ჩანს, გაჩნდა საფრთხე და  კუდის და სოდის თანამშრომლების ნაწილი, რომელთა  წინაშეც, „ ნაციონალური მოძრაობა“ ვალდებულია, პოლიტიკური ძალის ლიდერთა დავალებით  ჩადენილი სისასტიკისათვის კვლავ დაასაქმონ.

დარწმუნებული ვარ, მათ ანაზღაურება დაცვის თანამშრომელთა საშუალო ხელფასის ოდენობით კი არა, საკმაოდ, მაღალი ანაზღაურება ექნებათ.

ფაქტი, რომ ხელისუფლება იცვლება, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებს აწუხებს, რომლებიც ზონდერ ჯგუფების სახით  ყველა იმ საწარმოს მოევლინნენ, რომლის მფლობელიც სახელმწიფოა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ „შემთხვევით არ გარბის ქვეყნიდან რკინიგზის თავმჯდომარე და შესაძლოა მას ისეთი სტრუქტურების წარმომადგენლებიც  გაეკიდონ, სადაც აქციების სრული მფლობელი სწორედ, სახელმწიფო გახლავთ“.

ცისკარიშვილის თქმით, ყველა ამ სისტემაში, დაცვის ფორმით არსებული ჯგუფები კუდის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და  ხელფას  ორივე დასაქმების  ადგილიდან  იღებენ.

„ისინი გამოიყენებიან ისეთი  სადამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად, როგორიც მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ყაზტრანსგაზის გაზის ოფისთან ვიხილეთ და სრულიად მკაფიოა,  ყაზტრანსგაზის  თანამშრომელთა მიმართ,  სასტიკი ქმედებების ჩასადენად, რომელი დაწესებულების ასეთი სპეცრაზმი იქნა გამოყენებული. ასეთი ადამიანების უმუშევრად დატოვება  უპირველეს ყოვლისა,  მათი დამსაქმებლებისთვისაა სახიფათო, თორემ უგულავა საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ყოველგვარი სპეციალური სამსახურის შექმნის გარეშე მოახერხებდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.