სასაჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამ წუთებში მოქმედ მინისტრ გიორგი ტუღუშს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუბარმა განაცხადა, ის სამინისტროში სიტუაციის გასაცნობად მივიდა. მისი განმარტებით, გადასახედია მიდგომები, რომლებიც ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს.
„დღემდე სასჯელაღსრულება ორიენტირებულია არა ადამიანის რესოციალიზაციაზე და პატიმართა საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნებისაკენ, არამედ პიროვნების განადგურებაზე. ეს შესაცვლელია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მოისპობა სისტემაში გამეფებული კორუფცია. სუბარის თქმით, ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის ფირმა სამმაგ ფასად ამარაგებდა ციხეებს,
„პატიმრები და მათი ოჯახები თავიანთ თავს თვითონ კვებავდნენ, იმის მაგივრად, სახელმწიფოს საკუთარ თავზე აეღო ეს ვალდებულება", - განაცახადა სუბარმა.
გიორგი ტუღუშის თქმით, იგი კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.