ტელეკომპანია „გურიას" მფლობელები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ექსმინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ზურაბ გობრონიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის ნოემბერში ტელევიზიის 100% წილის მფლობელებს, ზაზა სიორიძეს და ვანო ჩხარტიშვილს რამაზ ნიკოლაიშვილი დაუკავშირდა და წილის დათმობა სთხოვა, რაზედაც მფლობელებისგან კატეგორიული უარი მიიღო.
გობრონიძის განმარტებითვე, ამ საუბრიდან ერთ კვირაში, 5 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და ახალ მფლობელად სხვა გამოაცხადა.
„ჩვენ ახლა სასამართლოში სარჩელის შეტანას ვგეგმავდით, თუმცა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე ნიკოლაიშვილმა კანონიერ მფლობელებს ტელევიზია დაგვიბრუნა“, - აღნიშნა მან.