პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს საზღვრები, გარემოცვასთან ერთად, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ დატოვა.
ინფორმაციის წყაროს მიხედვით, მან თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადების თანახმად, „თავისუფალმა საქართველომ“ ეზუგბაია კორუფციულ საქმიანობაში არაერთხელ ამხილა.
„პარტიამ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე, ფინანსური პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებენ, რომ დარღვევებია შპს „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის ყველა სფეროში და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიონობით ლარს აღწევს. თანხები უკანონოდ მიტაცებულია კორუფციული ტენდერების, გადამზიდავებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლის, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მიზერულ ფასებში გასხვისების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებითაც მიმართა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საქმეს მსვლელობა არ მიეცა.
„თავისუფალი საქართველო“ იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულებისგან დამალვის მცდელობის მიუხედავად, თავისუფალი სასამართლოს მიერ,,ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკის გასამართლება მოხდება.