საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ კუდავას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილშია აღნიშნული.
წერილში კუდავა გვერდზე დგომისა და დახმარებისათვის მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას, პრეზიდენტს, მთავრობას, კოლეგებსა და პარიზში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს.
მისი თქმით, დიდი სიხარულით უბრუნდება საქართელოს იმისათვის, რომ ისტორიულ პროცესში სხვა ამპლუით გააგრძელოს მონაწილეობა.
წერილს From.ge უცვლელად გთავაზობთ:
ამ წერილით ბევრ თქვენთაგანს გემშვიდობებით საფრანგეთში დიპლომატიური სამსახურის 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამო.
ნებისმიერი კარიერული დიპლომატისთვის დიდი პრივილეგიაა ქვეყანას წარმოადგენდეს ელჩად უცხოეთში, მით უმეტეს საფრანგეთში. ამ პატივის შედეგად, 2007 წლის შემდეგ მრავალი ისტორიული მოვლენის თვითმხილველი და მონაწილე გავხდი, რაც ჩვენი სამშობლოს განვითარებას, რუსეთთან ომსა თუ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. ამ პროცესებში პარიზი მუდამ ჩვენს გვერდით იდგა, რისი საუკეთესო დადასტურება რუსეთის აგრესიისას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი ჩარევა და თბილისში ვიზიტები გახლდათ. გადაჭარბების გარეშე, დიდწილად ამის გამოა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალი.
დღევანდელი დიპლომატია ცივი ომისისაგან რადიკალურად განსხვავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით, რაც სხვადასხვა ფენასთან უშუალო კავშირის ახლებურ დამყარებას გულისხმობს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით. საფრანგეთის – მსოფლიოს ერთერთი ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ცენტრის – სპეციფიკის გათვალისწინებით ვცდილობდი ყველა სფეროში საქართველოს მეტი ახალი პირადი კონტაქტი დაემყარებინა. ამ საქმეში დიდ როლს ასრულებდა საელჩოს მიერ გამართული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ქართული კულტურის დღეები. მსოფლიოს შარმისა და ელეგანტობის დედაქალაქ პარიზში საქართველოს სასურველი იმიჯის შექმნა და მისადმი სიმპათიის მოპოვება რთული იქნებოდა აღნიშნულ ღონისძიებებში სახელგანთქმული, მათ შორის საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი ხელოვანების მონაწილეობის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მოკრძალებული შედეგიცაა ის, რომ დღეს ქართველებს "ლუდოვიკოს კარზე მეთხუთმეტე კაცად არ ალოდინებენ" და წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის საფრანგეთი საქართველოს მთავარი მხარდამჭერია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ. ასევე აღსანიშნავია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა, რასაც მალე საფრანგეთი იურიდიულადაც გააფორმებს.
მადლობას ვეტყვი პრეზიდენტს, მთავრობას, ქართულ საზოგადოებას, კოლეგებს დიპლომატიური კორპუსიდან თბილისსა და უცხოეთის დედაქალაქებში, პარიზში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, ძირძველ ქართულ დიასპორას, პარიზის ქართულ ეკლესიებსა და უამრავ ქართველოფილ ფრანგ მეგობარს თანამშრომლობის, გვერდზე დგომისა და დახმარებისათვის.
ამ დღეებში კიდევ ერთი ევროპული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, რაც საკმაოდ ჰგავს საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში არსებულ ე.წ, ხელისუფლების კოაბიტაციას, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია უფრო ახლოს არის სულხან-საბას მიზანთან, რასაც გაერთიანებული, უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანა ჰქვია.
დიპლომატიური სამსახურით დაკავებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში 3 წელი თუ მიცხოვრია სამშობლოში და ამიტომ დიდი სიხარულით ვუბრუნდები მშობლიურ ქალაქს, რათა აღნიშნულ ისტორიულ პროცესში სხვა ამპლუით გავაგრძელო მონაწილეობა“, - ნათქვამია წერილში.