ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ", ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია.გე ავრცელებს. აღნიშნულმა კომპანიამ რუსთავი 2-ის წილი 4 ოქტომბერს იყიდა, 5 დღის შემდეგ კი გაყიდა.
ყარამანაშვილმა ასევე „ჯორჯიან მედია კომპანიის" კუთვნილი 50-პროცენტიანი წილიც იყიდა ტელეკომპანია "მზეში". ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ყარამანიშვილმა "რუსთავი 2"-ის 40 პროცენტი ნახევარ მილიონ დოლარად, "მზის" 40 პროცენტი კი 250 ათას დოლარად იყიდა.
აღნიშნული წილი 5 დღის წინ კეზერაშვილის კომპანიებს ამავე ფასად მიჰყიდა ლევან ყარამანიშვილმა, რომელსაც მანამდე ამ ორი ტელეკომპანიის 90 პროცენტი ეკუთვნოდა. "ნეტგაზეთის" ცნობით, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ახლო ნათესავები არიან.
საჯარო რეესტრის 9 ოქტომბრის მონაცემებით, "რუსთავი 2"-ისა და "მზის" შემთხვევაში წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით ხარვეზის დადგენის გამო სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია.
კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, "სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წესდების შესაბამისად, წილის გასხვისების შემთხვევაში საზოგადოების დანარჩენ პარტნიორებს ენიჭებათ პირველი უარის უფლება, რომ შეიძინონ წილი იგივე ფასით და პირობებით, რომლითაც მიეცემათ არაპარტნიორებს. თუმცა, სარეგისტრაციოდ არ არის წარმოდგენილი ლევან ყარამანიშვილის (პ.№62001003710) თანხმობა შპს "მედია ჯორჯიას" მიერ წილის გიორგი ყარამანიშვილის (პ.№01025001809) სახელზე გასხვისებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ დამატებით წარმოსადგენია სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია".
ამჟამად "მზისა" და "რუსთავი 2"-ის 50 პროცენტი კვლავ ლევან ყარამანიშვილის მფლობელობაშია, 40 პროცენტი გიორგი ყარამანიშვილს, 10 პროცენტი კი გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. ტელეკომპანიებში წილების ცვლილება არ ასახულა კომპანიის შესაბამისობის დეკლარაციაშიც, რისი ვალდებულებაც მფლობელებს კანონით ეკისრებათ.