ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომის 4 სარეზერვო ბრიგადის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია. გაფიცულთა მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და ხელშეკრულებების გაფორმებაა.
მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ ვიდრე, კონტაქტზე არ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.
„ნავმისადგომის მუშაობა შეჩერებულია. ორი დღეა, უკვე არავინ არ გამოგვეხმაურა ხელმძღვანელობიდან. აქციას გავაგრძელებთ ვიდრე, არ დაგველაპარაკებიან“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა ავთანდილ თუნთიამ.
გაფიცულებს გუშინ ღამით შეუერთდნენ სხვა ნავმისადგომების მეამწეებიც, მთლიანობაში 45 ადამიანი, რამაც პორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
გაფიცულთა ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.
ამასთან, ფოთის პორტის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ქროულის განცხადებით, გაფიცულები პორტის ძირითადი თანამშრომლები არ არიან და თავიანთ საქმიანობას პორტის საჭიროების მიხედვით ახორციელებენ.
მისივე განცხადებით, ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი, ქართულ ბაზარზე არსებული ანაზღაურების მაქსიმუმს იღებენ.
გაფიცულებს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია დღეს შეხვდება.