შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს დღეს დატოვებს. ამის შესახებ თამაზაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელის ვადის გადახედვის შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა და აღნიშნა, რომ ბრალდებულსა და დაცვას შორის სწორედ ამაზე მოხდა შეთანხმება.
„ეს არ ყოფილა სტანდარტული და კლასიკური საპროცესო გარიგება, ანუ თამაზაშვილს წარდგენილ ბრალში არ უღიარებია თავი დამნაშავედ. პროკურატურას კი სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა შეეძლო. ამიტომ გააკეთა გამონაკლისი და სასამართლოს სასჯელის ვადის შემცირების მოთხვონით მიმართა. სასამართლომ კი აღნიშნული შუმადგომლობა დააკმაყოფილა და სასჯელი 3 წლისა და 6 თვიდან - 1 წლამდე ჩამოიყვანა“, - განაცხადა გელაშვილმა.
მისი განმარტებით, 1 წელი მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს გადის. ამასთანავე, გელაშვილის თქმით, მსჯავრდებულებს ერთ დღეს პატრიარქი ჩუქნის, შესაბამისად, თამაზაშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს.
„პატრიაქტის შუამდგომლობით ყველა პატიმარს 1 დღეს საჩუქრად აძლევენ. ამიტომ თამაზ თამაზაშვილი დღეს, 10 ოქტომბერს გათავისუფლდება“, - დასძინა მან.