ტელეკომპანია "გურიასთან" დაკავშირებით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრეს–მდივანმა, გიორგი გიორგაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ვადასტურებთ მას-მედიით გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია ”გურია” დაიბრუნა.
ეს მოხდა ტელეკომპანია „გურიის“ დღემდე არსებული მესაკუთრის ინიციატივით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2011 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენი მხარე, ტელეკომპანია „გურიას” ჩამოაშორეს.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ქვეყანაში დაიწყო წართმეული საკუთრების ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელეკომპანია „გურიის” პრეცენდენტს მაგალითად აიღებენ ტელეკომპანია „მზის” დღევანდელი მეპატრონეები და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით მიტაცებულ ტელეკომპანია ”მზესაც” ასევე ნებაყოფლობით დაუბრუნებენ მის კანონიერ მესაკუთრეს. სხვა შემთხვევაში, მრავალგზის საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ტელეკომპანია „მზის” დასაბრუნებლად ყველა კანონიერ ბერკეტს ბოლომდე გამოვიყენებთ და გავაგრძელებთ პროცესებს როგორც საერთაშორისო სასამართლოებში, ისე ქართულ სასამართლოებში, რომელთა ობიექტურობის იმედიც 1 ოქტომბრის შემდეგ ყველას გაგვიჩნდა.
გიორგი გიორგაძე – ვანო ჩხარტიშვილის პრეს-მდივანი