პარლამენტის მომავალი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან საუბარი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარების პროცესზეა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან საუბარი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესზეა. დეტალებზე თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი და რაიმე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესის მიზანი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა, რომ ეს პროცესი, საზოგადოებაზე ცუდად არ აისახოს“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეფასებებს, კობახიძის თქმით, მათი პრობლემაა თვითონ რა კომენტარებს გააკეთებენ.
„კუბლაშვილის კომენტარს მე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება დროულად და მშვიდობიანად შეიცვალოს. ფაქტობრივ შეცვლაზეა საუბარი თორემ, რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობა ვართ. მთავარია, ჩვენ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავიბაროთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ის, კუბლაშვილი რა კომენტარს აკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.