ახალი მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა კომიტეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ხადურის განცხადებით იგი შეეცდება, რომ ქართული ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას.
„უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება შრომის კოდექსი, ასევე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა. შევეცდებით, ქართული კანონმდებლობა ევროპულის შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი შეფასებით, დღეს საქართველოში არსებული შრომის კოდექსი ევროპელთა შეფასებით, აკანონებს ქვეყანაში მონურ შრომას.
„დაქირავებულს არანაირი უფლება არ აქვს. ჩვენ შევეცდებით ისეთი კოდექსი მივიღოთ, როდესაც ადამიანს ერთი თვით ადრე მაინც ეცოდინება, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ და შეძლებს ამ დროში მეორე სამსახურის მოძებნას. არსებული შრომის კოდექსი გადასაგდებია, ახალს დავწერთ. ახალი კოდექსი კი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ მისცემს არავის“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.