ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ გარკვეული სამინისტროების გაუქმებაც, რადგან ისინი ხარჯიანი ინსტიტუტები არიან და ზოგიერთი სამინისტრო მხოლოდ ბიუჯეტის თანხების ხარჯვითაა დაკავებული.
From.ge -სთან საუბარში შეშელიძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციები სამ რამეში მდგომარეობს, ეს არის -ფულადი ემისია, ბანკების ზედამხედველობა, საანგარიშოებო ცენტრი. "ამათგან, ზოგიერთი ფუნქციები შეიძლება სხვა ინსტიტუტებმა შეითავსონ, ხოლო ფარატინა ლარი არავის სჭირდება.
ვფიქრობ, ეროვნულ ბანკი ხარჯიანია და ცენტრალიზებული ინსტრუმენტი, რომელიც დღევანდელ ქართულ ეკონომიკას ზიანის მეტს არაფერს აყენებს", -აცხადებს შეშელიძე.
რაც შეეხება სამინისტროებს, შეშელიძის განმარტებით ბევრი სამინისტრო დღეს მხოლოდ ბიუჯეტის თანხების ხარჯვით არიან დაკავებულნი და საქმეს არ აკეთებენ.
"თუ ჩვენ სამინისტროებს გამოვხშირავთ, დავრწმუნდებით , რომ მხოლოდ რამდენიმე უწყება დაგვჭირდება, მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თავდაცვის სამინისტრო და კიდევ რამდენიმე, თუ გვინდა რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ. თუ ჩვენ ისევ ასე გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ შეიძლება შევიდეთ ჩიხში.
სახელმწიფოს არც ეკონომიკის სამინისტრო სჭირდება, ფინანსთა სამინსიტრო კი სახელმწიფო ხარჯების ხელმძღვანელია და არა ჩემი ხარჯების ხელმძღვანელი, ხოლო ხარჯების ზედამხედველობა და ანალიზი პრემიერ-მინისტრის აპარატსაც შეუძლია. ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს ეს სამინისტროები, მათ შორის ამერიკაშიც და ევროპაშიც, მაგრამ ჩვენ იმით განვსხვავდებით მაიმუნებისგან, რომ ანალიზის უნარის გაკეთების უანრი გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ხელმძღვანელობენ.
მე თუ მაქვს სათანადო რესურსი, მე თვითონ გადავწყვეტ რომელ სკოლაში შევიყვანო ჩემი შვილი და რა ვასწავლო. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და არა მთავრობის . სამინისტროებთან ერთად უნდა გაუქმდეს რესურს-ცენტრები და კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასევე ფულის ხარჯვით არიან დაკავებულნი ", -აცხადებს შეშელიძე.