სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რეალური თვითმმართველობა, რომელიც მისი განმარტებით, დემოკრატიის ერთ- ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს.
როგორც სუბარმა დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ახალი მთავრობის ერთ- ერთი უმთავრესი ამოცანაც სწორედ თვითმმართველობის უფლებამოსილების გაძლიერება და მათთვის სტატუსით მინიჭებული ძალაუფლების გამოყენება იქნება.
„ამ შემთხვევაში რეალურად არსებული თვითმმართველობა მერს ან სხვა თანამდებობის პირად აირჩევს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. სიმახინჯეა ის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვცა - როცა ერთიდაიგივე პარტია მართავდა ყველაფერს. პრეზიდენტი, პრემიერი, გუბერნატორი , გამგებლები, საკრებულოსა თუ კომიტეტების თავმჯდომარეები და ა. შ. იყვნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები. ეს სიმახინჯე იყო“, - განაცხადა სუბარმა .
მისივე თქმით, დღევანდელ საკრებულოში არაერთი ადამიანია, რომელიც მმართველ პარტიას არ უჭერდნენ მხარს. სუბარმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადამიანები მიხვდებიან ვისთან თანამშრომლობა სჯობს და გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებენ.
„ეს ადამიანები ალბათ თავად გადაწყვეტენ უნდათ თუ არა იმ გუნდთან თანამშრომლობა, რომელთა სახელიც ინდენტიფიცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევასთან და დემოკრატიის გაქრობასთან. ეს მათი არჩევანი იქნება. მაგრამ დღეს თუ ვინმე სხვადასხვა ქალაქებში, თუნდაც ბათუმსა და ქუთაისში მერების დანიშვნით რაღაცის მოსწრებას ცდილობს, ეს არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ძალიან მალე ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა დამკვიდრდება და გუბერნატორებს არანაირი გავლენა აღარ ექნება“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაახლოებით რამდენიმე კვირაში დაიწყება.