პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ჰყავს, პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას საქმეს უკავშირებს.
საყვარელიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებების განმაპირობებელი შესაძლოა ჯარში, რაღაც არეულობა, უკმაყოფილება და ხელისუფლების იმ შტოს მიმართ, რომელიც დღემდე ჯარს განაგებს მძაფრი დამოკიდებულება იყოს.
„ვფიქრობ, ეს მოვლენა მეტ-ნაკლებად, ნიკა ჯანჯღავას თავის დროზე დაპატიმრებასა და შემდგომში მის გათავისუფლებასთანაა კავშირში. იმ თვალსაზრისით, რომ მგონი, ჯარში, რაღაც ხდება. მე სამწუხაროდ, ასე კარგად ჯარის შიდა სიტუაციებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ მგონი, ჯარში რაღაც უკმაყოფილება და ხელისუფლების იმ შტოს მიმართ, რომელიც დღემდე განაგებს ჯარს მძაფრი დამოკიდებულებაა და საკადრო ცვლილებებიც ამის ასახვაა, რომლებიც ჯარის მხრიდან, რაღაც მოულოდნელობის კრიზისის თავიდან აცილებისთვის არის მოწოდებული“, - განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვის პასუხად, რომ ხომ არ გამოდის, რომ პრეზიდენტი არ აპირებს შეეგუოს დამარცხებას და ძალებს იზრდის, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ერთიანი ლოგიკური ხაზის დანახვა ძნელია.
„ძნელი სათქმელია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები მაგ ლოგიკას ემთხვევა, რადგან რიგ შემთხვევებში, საკონსტიტუციო უფლებები, რომელიც დავუშვათ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების დანიშვნაზე ჰქონდა, არ გამოიყენა და დათმო. მეორეს მხრივ, გუბერნატორების ან ჯარში ცვლილების მიმართულებით, ის თავის უფლებამოსილებას იყენებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ერთიანი ლოგიკური ხაზის დანახვა ძნელია“, - განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
მანამდე კი, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში და გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.