„სახალხო კრება“ ახალი მთავრობისგან  პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას  მოელის

„სახალხო კრება“ ახალი მთავრობისგან პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოელის

"სახალხო კრება“ იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

ამის შესახებ სახალხო კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა განთავისუფლება იქნება.

„სახალხო კრება“ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, დაარსების დღიდან ყველაზე მეტად განიცდიდნენ პოლიტიკურ დევნას, ხოლო 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებულად რეპრესირებულნი რეჟიმის მხრიდან. მიუხედავად ამისა, „სახალხო კრებას“ არასოდეს განუსხვავებია ერთმანეთისაგან თავისი და სხვისი პატიმარი და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ერთნაირად ვიბრძოდით ყველა რეპრესირებულის ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სახალხო კრება“ მოუთმენლად ელის ახლად არჩეული პარლამენტისა და მომავალი მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების განთავისუფლებისა და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი. მათი განმარტებით, ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი, მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება.

„სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასასრულისაკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.