საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს აფხაზები ძალიან მშვიდად აკვირდებიან. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინთბას განცხადებით, ამჟამად საქართველოს ახალი ხელისუფლება მხოლოდ ფორმირების პროცესშია და ხელისუფლების გადაცემის პროცესი ჯერ კიდევ არ გახლავთ დასრულებული, კონკრეტული წინადადებები და რაიმე სიგნალები კი აფხაზურ მხარეს ჯერ არ მიგვიღია. ეს განცხადება ხინთბამ „გოლოს როსიისთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც From.ge გთავაზობთ.
ხინთბას განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა სახელი გაითქვა იმით, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების დარეგუილირების საკითხში, თავი ჩიხში მოიმწყვდია. „ნებისმიერი მოლაპარაკებები საქართველოს ახალ მთავრობასთან შესაძლებელია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს- შეიქმნას ის პირობები, რომელიც ჩვენს აღიარებას შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მხრიდან ასეთი მზადყოფნა დაფიქსირდება, ჩვენც მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ. თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება გამოავლენს აუცილებელ პრაგმატიზმს და გაითვალისწინებს არსებულ რეალობას, ეს პირველ რიგში საქართველოს წაადგება“,-აღნიშნა ხინთბამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, ის სერიოზულ პოლიტიკურ სიმძიმეს მოიხსნის, რომელიც მას დღეს ხელს უშლის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაში, აგრეთვე ხელს უშლის შიდა პრობლემების მოგვარებაში.
„მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ზოგიერთ თანამოაზრეს დღეს ესმის, რომ არ შეიძლება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა შეიმუშავა და რომლის რეალიზებასაც ახორციელებდა- ეს არის აფხაზეთის იზოლაცია, მისი მხარედ არ ცნობა მოლაპარაკებების დროს, „ოკუპირებული ტერიტორიების“ იარლიყების ჩამოკიდება და ყველაფერ ამის, რაც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება, რუსეთისთვის დაბრალება.
იმედი მაქვს, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკისგან საქართველოს ახალი ხელისუფლების ელიტა შორს იქნება“,-განაცხადა ირაკლი ხინთბამ.