გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ყვარლის #16 საარჩევნო ოლქში 4 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ყვარელში სპეცსიებში შეყვანილ სამხედრო პირებს მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.
გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებას, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ქევხიშვილს 1200 ხმით მოუგო
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი არც დედოფლისწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა.
12-საათიანი განხილვის შემდეგ, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც, კოალიცია დედოფლისწყაროს # 14 საარჩევნო ოლქში 10 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, დედოფლისწყაროში ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. მათი თქმით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის დაშინებასთან ერთად, ზოგიერთ უბანზე ბიულეტენების ჩაყრაც დაფიქსირდა.
დედოფლისწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ სააპელაციო სასამრთლოში გაასაჩივრებს. საპარლამენტო არჩევნებში დედფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა, 49 %, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლექსო თამაზაშვილმა 47% მიიღო.