საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია საოცრად დამახინჯებულია და აღნიშნა, რომ ამიტომ მისი შეცვლა გარდაუვალი იქნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში" ისაუბრა.
„ამ კონსტიტუციით მუშაობა არის უკიდურესად რთული. ამ კონსტიტუციით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება არის შეუძლებელი, იმდენად მორგებული იყო ის ერთი კონკრეტული ადამიანის გუნდის ინტერესებზე, მომავალზე, მათ გათვლებზე და იმდენად არ ითვალისწინებდა საერთო რეალობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კონსტიტუცია კრიზისულ ვითარებაში უნდა დაეხმაროს საზოგადოებას, თუმცა ამჟამინდელი კონსტიტუცია ყოველ ნაბიჯზე ქმნის კრიზისულ ვითარებას.
„ეს კონსტიტუცია ყოველი ფეხის ნაბიჯზე კრიზისულ სიტუაციებს ქმნის და ახლაც ასეთი ვითარებაა, როდესაც ხალხმა გამოხატა თავისი პოზიცია, ხალხმა თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ამ გეზს დაუჭერს მხარს, ესაა მთავრობა, ამათი პროგრამის შესრულება მინდა _ სრულიად მკაფიოდ ითქვა ყველაფერი და ამასობაში კონსტიტუციით პრეზიდენტს დარჩა ძალიან სერიოზული ძალაუფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარდამავალი პერიოდის მგრძნობიარობაზე და ვდგამთ ნაბიჯებს, ჯგუფები ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენი წარმომადგენლები შედიან სამინისტროებში და უწყებებში, ჩვენ ვითვალისწინებთ ორ გარემოებას: ერთი იმას, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ იმ ადამიანების ხელშია ვის წინააღმდეგაც ხალხმა მისცა ხმა და მეორე - კონსტიტუცია. მაგალითად, ახლა რაც წერია ამ კონსტიტუციაში, სააკაშვილს აძლევს ნორმალურ ფორმალურ, იურიდიულ უფლებას სულაც არ გაითვალისწინოს, ის რომ ხალხმა დაუჭირა მხარი კოალიცია „ქართულ ოცნებას" და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს. ეს სააკაშვილის და ბოკერიას კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული - ხელს არ შეგიშლითო, კონსტიტუციით უნდა მიყვებოდეს ამ ლოგიკას",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციის შექმნას დრო სჭირდება და ნაჩქარევად არაფერი არ უნდა გაკეთდეს და აღნიშნა, რომ ამისათვის შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, ვინც ამ საკითხზე სერიოზულ სამუშაოებს გაწევს.