"ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის განცხადებით მთავრობის გადახალისების პროცესში ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობების დატოვება არ მოუწევთ.
მისი განმარტებით, მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად გადაეცემა "ქართულ ოცნებას", მაგრამ არსებობენ თანამდებობები, რომლებიც არა მთავრობას, არამედ პრეზიდენტს, პარლამენტს და ა.შ ეხება.
„მათ შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი და გენერალური აუდიტორის თანამდებობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიცვათ კანონს და ეს ადამიანი არ იქნებიან იმ ცვლილების ნაწილი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დღეს განმარტება გააკეთა „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალი მოწვევის პარლამენტის სპიკერობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმაც. უსუფაშვილის თქმით, კოალიციის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს, რომ მთავრობის წევრებთან ერთად პოსტებს ისინიც დატოვებენ.
„ეს ორი თანამდებობა არ არის სამთავრობო ნომენკლატურა. შესაბამისად, ისინი მინისტრებთან ერთად არ დატოვებენ თანამდებობებს. „ქართული ოცნების" მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურების დასახელება არ ნიშნავს, რომ ისინიც იმ სტატუსით ისარგებლებენ, როგორითაც მთავრობის წევრები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.