საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, არსებული ინფორმაციით, გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება.
სავარაუდოდ, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგება, სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქარძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის შეკრებილი არიან ჟურნალისტები და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლები, შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღებები დაიშვება.
გაკეთდება თუ არა კომენტარები მედიისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯერ უცნობია.