სააკაშვილი და ივანიშვილი შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრებენ

სააკაშვილი და ივანიშვილი შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება განხილული.

„ყველა საკითხს განიხილავენ. ალბათ განხილული იქნება საარჩევნო პროცესიც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის გარკვეულ დეტალებზე გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე მოილაპარაკეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გაიმართება.

მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში 10:30 საათისთვის დაიბარეს, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეოგადაღება დაიშვება.