"ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს გენერალურ პროკურატურაში ოთხი სარჩელი შეიტანა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დავით ბეჟუაშვილის, დავით კირკიტაძის, დავით კოდუას და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრას ითხოვს.
პირველი საჩივრის მიხედვით, ხაჭაპურიძე დავით ბეჟუაშვილისა და ერეკლე კოდუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ხაჭაპურიძის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს 1 მლნ ევრო და 500 ათასი ევროს ღირებულების ქონება ხელშეუხებლობის გარანტიის მოტივით გამოართვეს.
მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე საჩივრით ასევე დავით ბეჟუაშვილის, ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძესა და დავით კოდუას სისხლის სამართლის პასუხისგებას ითხოვს. ხაჭაპურიძე აღნიშნულ პირებს ბიზნესმენ კალანდაძისთვის 50 გაზგასამართი სადგურის ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
მესამე სარჩელი ეხება დავით ბეჟუაშვილს, თეთრიწყაროს რაიონის გამგებელ გია მესტვირიშვილს და ამავე გამგეობის წევრს, თამარ დალაქიშვილს. ამომრჩევლის მოსყიდვისთვის ხაჭაპურიძე არჩევნების გაყალბების მოტივით მათ დასჯას ითხოვს.
ხაჭაპურიძის მეოთხე სარჩელი კი, თეთრიწყაროს ორ მოსამართლეს ეხება, რომელთა ვინაობა ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია. მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაპატიმრებას ითხოვს.
შალვა ხაჭაპურიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილსაც მიმართა და განუცხადა, რომ შეწყვიტოს მოსამართლეებზე ზეწოლა და მუქარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაჭაპურიძე კუბლაშვილის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.