ცენტრალური საარჩევნო კომისია გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ძარცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან გატაცებულია სამი კომპიუტერი, სადაც ინახებოდა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კომისიის შენობა დახვდათ გაძარცვული და სამუშაო ოთახებში განთავსებული ინვენტარი აღარ დახვდათ. როგორც ირკვევა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან სამი კომპიუტერია გატაცებული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალები ინახებოდა. საქმეს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ; შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.