პავლე კუბლაშვილი: ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ვიქნებით ჩართულნი

პავლე კუბლაშვილი: ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ვიქნებით ჩართულნი

მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა,  შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქედან, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, დღეს სამინისტროთა უმრავლესობაში მინისტრობის კანდიდატები დასახელდა. შესაბამისად, კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არის სამუშაო პროცედურა, როდესაც მოქმედ მინისტრებსა და კოალიციის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება.

„ამ დროს შესაძლებელია, გაიცვალოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ამათუ იმ სტრუქტურის ხელმძღვანელს საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას. ინფორმაციის გაცვლა მოხდება ისეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში, როგორშიც ეს შეხვედრები მიმდინარეობს“, - განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული შედგები იქნება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო იმ ფაქტებზე, რაც ცალკეულ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიაზე და სხვა პირების მიმართ მუქარებს გულისხმობს.

„ძირითადად მსგავსი სახის მუქარები სამწუხაროდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოდის. ამ შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს და რომ ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა მსგავსი ტიპის ზეწოლები აღარ იყოს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება, რაც არჩევნების შედეგების შეჯამებით დამთავრდება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიური საპარლამენტო ფორმატში ყოფნას აპირებს და აღნიშნა რომ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც დაგეგმილი იყო თვალყურს მიადევნებს.

„თვალყურს მივადევნებთ, თუ როგორ შესრულდება ყველა ის დაპირება, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“  მიერ წინასაარჩევნო პროცესში უხვად გაიცა“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ ხედვები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით საპარლამენტო ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნებიან.

„ჩვენ ვიქნებით აქტიურები ყველა პოლიტიკურ პროცესში და გვექნება ოპოზიციური ძალის შესაბამისი პასუხისმგებლობა ყველა იმ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც განვითარდება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.