სოზარ სუბარი: მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ გაცნობითი ჯგუფების სია გადავეცით, რომელიც დღეიდან სხვადასხვა სამინისტროებში იქნებიან

სოზარ სუბარი: მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ გაცნობითი ჯგუფების სია გადავეცით, რომელიც დღეიდან სხვადასხვა სამინისტროებში იქნებიან

მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გამართული მორიგი შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა,სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ გაცნობითი ჯგუფების სია გადასცეს, რომელიც დღეიდან სხვადასხვა სამინისტროებში იქნებიან.

სუბარის თქმით, ზოგ შემთხვევაში ესენი მინისტრები, ზოგ შემთხვევაში კი კოალიციის წარმომადგენლები არიან.

„დღეიდან დაიწყება ეს პროცესი. თავდაპირველად, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია მოხდება, რასაც სხვადასხვა უწყებებში შესვლა მოყვება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემებს ვეჯახებით. აქ არაა საუბარი რაიმე ჩანაცვლებაზე და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევაზე. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გაცნობაზე“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მთავრობა, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია, ყველა იმ პროცესებზეა პასუხისმგებელი, რომელიც მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ეს იქნება მანამ, სანამ მთავრობის გადაბარება არ მოხდება.

სუბარი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი ასევე სხვადასხვა საკითხებს შეეხო, კონკრეტულად კი მისი თქმით, ადმინისტრაციულ პატიმრების გათავისუფლებასაც.

„ზოგადად ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრების გათავისუფლება. ეს საკითხი თითქმის ბოლომდეა მისული“, - აღნიშნა სუბარმა.