უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პირველი შეხვედრის მსგავსად მეორე შეხვედრამ ძალიან საქმიან და პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ მან დღეს მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, პროცესი, რომელიც ოპოზიციური ძალების გამარჯვებით დაიწყო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დასრულდეს.
„ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მთავრობის ასეთი გადაცემა ხდება. მოგეხსენებათ, დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გამოცხადდა და დღეს მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და შესაბამის წარდგენილ კანდიდატებს შორის კომუნიკაცია მოხდება. კომუნიკაცია მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე შედგება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალ მთავრობას ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალ მთავრობას, უკვე ინფორმირებულს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს.
ბოკერიას თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ პირველი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და აღნიშნა, რომ ეს არის მხოლოდ კომუნიკაცია და ინფორმირება ზოგად მნიშვნელოვან საკითხებზე და ზოგად ვითარებასთან დაკავშირებით.
„დღეს არსებული მთავრობა ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას სანამ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება არ მოხდება. არანაირი შერეული უფლებამოსილება და შერეული პასუხისმგებლობა არ იარსებებს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს არის უბრალოდ ცივილიზებული ფორმა ერთი მთავრობის მიერ, რომელიც მალე წავა თანამდებობიდან ახალი მთავრობის ზოგადი ინფორმირება მოახერხოს“, - განაცხადა ბოკერიამ.