რამაზ საყვარელიძე: მინისტრთა ახალი კაბინეტი მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, რაც მისასალმებელია

რამაზ საყვარელიძე: მინისტრთა ახალი კაბინეტი მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, რაც მისასალმებელია

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ ისინი საზოგადოების ნდობას გაამართლებენ.

როგორც ექსპერტმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილ სურათში ძალიან ბევრი ნაცნობი სახეა, საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულებაც მათ მიმართ  ადვილი ჩამოსაყალიბებელია.

საყვარელიძის თქმით,  მიუხედავად ამისა, წინასწარი მოლოდინებისა და ვარაუდების განსაზღვრა მაინც შეუძლებელია მანამ, სანამ ახალი მინისტრები თავიანთ მოვალეობას პრაქტიკულად არ შეუდგებიან.

„როცა მინისტრები სავარძელში ჩასხდებიან, ამხელა სისტემებს წამოიკიდებენ და პასუხისმგებლობას დაიკისრებენ, მერე გაირკვევა რამდენად გაართმევენ თავს ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და რამდენად ექნებათ უნარი იმ პრობლემების გასამკლავებლად, რომელიც ორგანიზაციაში წარმოიქმნება. ამ გადასახედიდან პოზიტიური სურათი გვაქვს. დიდი ხნის განმავლობაში  გვქონდა პრობლემა, რომ არ ვიცოდით ის ადამიანები, რომლებიც მინისტრებად ინიშნებოდნენ. ამჯერად ვინაიდან ცნობილი სახეები დასახელდნენ, მგონი ის ეტაპი, რომ საზოგადოებამ გაიგოს ვინ არიან და რას წარმოადგენენ ახალი სახეები, მინისტრად დანიშვნამდეც კი უკან გვაქვს მოტოვებული. ეს ამ ყველაფერზე დადებითად აისახება“, -  აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის დაკომპლექტების მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მისი თქმით, მინისტრების პროფესიონალიზმის გათვალისწინებას უკავშირდებოდა.

საყვარელიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ეს პრინციპი უგულებელყოფილი იყო, ეხლა კი ეს შეიცვალა და აღნიშნა, რომ ეს მისასალმებელია.

„წინა ხელისუფლებამ გააცხადა, რომ მათ სჭირდებოდათ კარგი მენეჯერები და არა პროფესიონალები, მაშინ როცა იმ ადამიანებს მენეჯერობის გამოცდილებაც არ ჰქონდათ. ამ პრინციპებმა ძალიან ბევრი რამ დააშავა ჩვენს სინამდვილეში. ამიტომ ეს გასათვალისწინებელი იყო. ახალ მთავრობაში კი ამის გათვალისწინება თვალსაჩინოა და ამას მივესალმები“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება კონკრეტული პიროვნებებს, ექსპერტი აცხადებს, რომ დასახელებულ მინისტრთა  უმეტესობას პიროვნულადაც იცნობს და ენდობა მათ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დაასახელა.