ვანო მერაბიშვილი: სახელმწიფოს საკმარისი თანხები და სავალუტო რეზერვები გააჩნია

ვანო მერაბიშვილი: სახელმწიფოს საკმარისი თანხები და სავალუტო რეზერვები გააჩნია

საქართველოს მოქმედი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით,  სახელმწიფოს აქვს საკმარისი თანხები და სავალუტო რეზერვები, რათა საქართველოს შემდეგმა მთავრობამ შეძლოს არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. ეს განცხადება მერაბიშვილმა ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან შეხვედრისას გააკეთა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მოახსენა დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხებისა და ეროვნული ბანკის განკარგულებაში მყოფი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესახებ.
სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის და 2 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს. კერძოდ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე - 920 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მლნ ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მლნ ლარი ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მლნ ლარი არის განთავსებული. 
ფისკალურად ჯანსაღია 2013 წლის ბიუჯეტის საპროექტო მონაცემები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უკვე წარდგენილია განსახილველად საქართველოს პარლამენტში. კერძოდ არსებული კანონპროექტით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,5%-დან 2,8%-მდე. ამასთან, ბიუჯეტის მოცულობამ საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მისმა ხარჯვითმა ნაწილმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 8.5 მლრდ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტისთვის 9.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის ზრდა იგეგმება 500.0 მლნ ლარით.
ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, გარდა შიდა რესურსისა, საქართველოს გააჩნია ადექვატური ოდენობის საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში განთავსებული ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2.9 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - სექტემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია ნულის ფარგლებშია და მისი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი. 2012 წლის დარჩენილ პერიოდში და 2013 წლის განმავლობაში, არსებული პროგნოზებით, წლიური ინფლაცია დაბალი ერთნიშნა მაჩვენებელი იქნება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ფინანსური კუთხით გააჩნია ძლიერი და მდგრადი პოზიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში პასუხისმგებლიანი და მომავალზე ორიენტირებული, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია. 
ამასთან, ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, წარმატება უსურვა.
ინფორმაცია მერაბიშვილისა და ხეთაგურის შეხვედრის შესახებ პრემიერის ”ფეისბუქის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.