პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქცია და ნომერი პირველი მაკონტროლებელი აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს.
უსუფაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა მიმართულებით და მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებითაც მძიმე მემკვიდრეობა დატოვა.
„პარლამენტი შესაქმენელია ყველა თვალსაზრისით. ტექნიკური პრობლემების მოგვარებასთან ერთად ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოუწევს. მე და ჩემი კოლეგები დღესვე შევუდგებით მუშაობას იმისთვის, რომ პირველი სხდომა ორგანიზებულად ჩატარდეს და გადაწყვეტილებები შეუფერხებლად მივიღოთ. შემდგომ მთავრობის ფომირებების პროცედურა დაიწყება და ვფიქრობ, 10 ნოემბრისთვის საწყისი ეტაპის სამუშაოები დასრულებული იქნება და პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი საქმეა გაკეთებული, ბევრი კანონია მიღებული, თუმცა ზოგიერთს ცვლილება მოუწევს.
„ის, რომ ერთი გუნდის წარმომადგენლები ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ისე მოვიქცევით, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა. ისინი პარლამენტს მხოლოდ ხელის ამწევ კოლექტიურ ნოტარიუსად იყენებდნენ. მთავრობის თითოეული კანონპროექტი, თითოეული გადაწყვეტილება ძალიან სერიოზულ განხილვას და გამოკვლევას დაექვემდებარება. გადაწყვეტილებებს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტი საკუთარი ფუნქციების შესრულებას რეალურად დაიწყებს.
აქვე უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიური ოპონენტი იქნება.