შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უნდა გახდეს.
მისი თქმით, პოლიცია თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისაგან და საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად უნდა ემსახურებოდეს.
„ეს არის ყველაზე მთავარი, რომ პოლიციაში პოლიტიკა არ უნდა იყოს ჩარეული. ამ ფუნქციას აღვადგენთ და მე და ჩვენი მთავრობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, ამის გარანტი ვიქნებით. ჩვენ მაქსიმალურად შეურიგებელი ვიქნებით კრიმინალის წინააღმდეგ. დადის მოარული ხმები, რომ თითქოს დაგეგმილია ქურდების ჩამოყვანა და ა.შ ვერანაირი ქურდი, ვერანაირი კრიმინალი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს. ეს ქვეყნის განვითარების საფრთხეა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რიგი სტრუქტურული ცვლილებები გამორიცხული არაა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარი პოლიციელთა დევნა არ იქნება.
„ყველა ის ღირსეული პოლიციელს, რომელიც მუშაობს სამინისტროში არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ არცერთი უდანაშაულო პოლიციელი არ დაისჯება და თანამდებობიდან არ გათავისუფლდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.