მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების

მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფები მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს

მოქმედი ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფების წევრებს შორის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 8 ოქტომბრიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში კოალიცია საკუთარ წარმომადგენელს მიავლენს.

როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დღეიდან სამთავრობო ტრანზაციის კონკრეტიზაციაზე დაიწყება საუბარი.

„სამთავრობო ტრანზაციაზე კონსულტაციები დავიწყეთ, თუმცა კონკრეტიზაციაზე საუბარი 8 ოქტომბრიდან დაიწყება", - აღნიშნა მან.

მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფების წევრებს შორის პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს გაიმართა.

მასში "ნაციონალური მოძრაობიდან" მონაწილეობენ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი; "ქართული ოცნებიდან" კი - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი.