კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი From.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისგან არის შემდგარი, ბარამიძე, ცისკარიშვილი, დარჩიაშვილი, მინაშვილი, კუბლაშვილი, წიკლაური უკანონოდ გაცემული მოწმობებით იმ ოლქებში გაგზავნა წარმომადგენლებად, სადაც არჩევნები უნდა გაყალბდეს.
ცაგარეიშვილის განცხადებით, ბატონ ხარატიშვილი და ცესკო-ს იმ შემადგენლობა, რომელიც ე.წ არაპარტიული ნიშნით არის დაკომპლექტებული,სინამდვილეში, ყველა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან და ეს შემადგენლობა რა თქმა უნდა, სამარეში გაჰყვება დღეს არსებულ ხელისუფლებას. „ცესკო-ში შემავალ დავითაიას და ქდმ-ს წარმომადგენლებსაც თავისუფალი ნება არ გააჩნიათ და ისინიც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მათ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენიათ. ეს შემადგენლობა თავის მოღვაწეობას ტრაგიკულად დაასრულებს და თანამდებობას დატოვებს. მათ გარეშე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება. სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ახალაიებს და სხვებს უნდა გაჰყვნენ ხმის ის სტაჟიანი მომპარავები, რომლებიც ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ დროიდან აყალბებენ არჩევნებს“,-აცხადებს კოალიციის წევრი.
ცაგარეიშვილის განცხადებით, გუშინ ცესკო-მ ფარულად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე-ბარამიძეზე, ცისკარიშვილზე, დარჩიაშვილზე, მინაშვილზე, კუბლაშვილზე, წიკლაურზე სრულიად უკანონოდ გასცა შესაბამისი დოკუმენტაცია, ისინი სწორედ იმ ოლქებში გაემგზავრნენ დამკვირვებლებად, სადაც მათ გადაულახავი წინაღობები დახვდათ და სადაც არჩევნები უნდა გაყალბდეს დაწყებული ზუგდიდიდან დამთავრებული წალკაზე. „ეს პიროვნებები შეეცადნენ ზემოქმედება მოეხდინათ საუბნო და საოლქო კომისიის წევრებზე. ეს ძველი, უხილავი კავშირები ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედებს. იქ არის უამრავი ვალდებულებები „ნაციონალების“ წინაშე, რითაც არიან ამ კომისიის წევრები დახუნძლულნი. ლიდერები გააგზავნეს იმიტომ, რომ კომისიის წევრებს სცოდნოდათ,რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არ არის“,-აღნიშნავს ცაგარეიშვილი.
კოალიციის წევრი ასევე აღნიშნავს,რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა ეგონოს, რომ ქართველი ხალხი დაკმაყოფილდა მიღწეულით და ცისკარიშვილების, დარჩიაშვილების, წიკლაურების მსგავს ელემენტებს საშუალებას მისცემს რომ მათი წარმატება დაამდაბლოს ან წაართვას ბრძოლით მოპოვებული მანდატები, მაგრამ დღეს ყველაზე მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს-ხელისუფლების გადაბარების პროცესი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაფერხოს.
„ დღეიდან სასამართლოებში საქმეების განხილვა იწყება. ჩვენ თავსი ავარიდეთ შეგნებულად საპროტესტო აქციების მოწყობას და სასამართლოებს საშუალებას მივცემთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
ნუ არიან ეს ადამიანები ამ ილუზიებით შეპყრობილნი. ისინი ცხრა წლის მანძილზე ატერორებდნენ ქართულ საზოგადოებას და ფეხქვეშ ჰყავდათ გაგდებული. საშიშროებები ძალიან ბევრია, დაწყებული საბოტაჟით, უკანონო აქციებით, განსაკუთრებით ბოლო დღეებში და ამას ყველა ხედავს. არავის ეპარება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავზარდაცემულია ამ ყველაფრით, ძალიან ბევრი მათგანი, სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე წარსდგება, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლების გადაცემის პროცესი შეაფერხონ. დღეს პირველი შეკრება გაიმართება ”ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს იმის,რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ეს ქვეყანას და მის მომავალს გამოადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ხისტად ვიმოქმედებთ,რადგან დღეს „ქართული ოცნება“ კარნახობს პირობებს კრიმინალების იმ ჯგუფს, არა ოპოზიციონერების, არამედ კრიმინალების ჯგუფს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე ასახიჩრებდნენ, კლავდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს და ძალიან მინდა დღეს ჩვენ ყველამ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ არის დამნაშავე“,-აცხადებს ცაგარეიშვილი.