მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი პირველი სამუშაო შეხვედრით დაიწყო კონსულტაციები სამთავრობო ტრანზიციის შესახებ და ის მომავალშიც გაგრძელდება.
ალასანიას თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მოემზადება.
„სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციები დაიწყო. ეს კონსულტაციები სავარაუდოდ გაგრძელდება ორშაბათს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები. კონკრეტულ უწყებებში დაიწყება ტრანზიცია და კონსულტაციები უკვე ორშაბათიდან. ჩვენ გვქონდა საუბარი ასევე, იმ საკითხებზე, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. პრინციპული შეთანხმება ამ საკითხებზე შედგა. ორშაბათიდან დაიწყება უკვე კონკრეტული მუშაობა უწყებებში, სამინისტროებში, რათა სამთავრობო გადაბარების პროცესი იყოს სწარფი და უმტკივნეულო“, - განაცხადა ალასანიამ.