დავით ბაქრაძე: ახალ მთავრობას მთლიანად გამარჯვებული კოალიცია დააკომპლექტებს

დავით ბაქრაძე: ახალ მთავრობას მთლიანად გამარჯვებული კოალიცია დააკომპლექტებს

მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამუშაო ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ,  „ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი  ნომერის  დავით ბაქრაძის განცხადებით,ახალ მთავრობას, ძალოვანი უწყებების ჩათვლით, მთლიანად „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს.

ბაქრაძე დღევანდელ შეხვედრას ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის კონსტრუქციულ დასაწყისად აფასებს.

მისი თქმით, ორივე მხარე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას,  რომელიც მათ ეკისრებათ და მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ გადაცემის პროცესი იყოს მშვიდობიანი და კონსტრუქციული.

„დღეს გამოჩნდა,  რომ მხარეები ერთმანეთისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას არ აპირებენ და ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციის ფარგლებში მოხვდება ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. იმედია,  ასეთი პოლიტიკური ნების პირობებში შევძლებთ, რომ ხელისუფლების გადაცემამ არ მოიტანოს ნგრევა და ძალადობა, არამედ მოიტანოს უკეთესი მომავალი“,  -  განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მინისტრებს, მისი განმარტებით მოქმედი ხელისუფლება კოალიციისთვის რაიმე ტიპის პრობლემების შექმნას კანდიდატურებზე არ აპირებს.

ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები ძალოვანი მინისტრების დასახელების საკითხში,  თუმცა ბაქრაძის განმარტებით მოქმედი ხელისუფლება ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს.

„ჩვენ მთავრობის ფორმირებაში ჩავრევას არ ვაპირებთ და ახალ მთავრობას მთლიანად გამარჯვებული კოალიცია დააკომპლექტებს. კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პრობლემებს არ შევქმნით და მათ მიერ წარმოდგენლი კანდიდატებს არ დავბლოკავთ. გამარჯვებულ კოალიციას მთავრობის ფორმირებაში სრული კარტბლანში აქვთ და თუ ხელის შეშლა დავიწყეთ,  ეს მშვიდობიანი პროცესი არ იქნება. დავთანხმდებით ყველა კანდიდატურას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და ვიმედოვნებ, რომ ღირსეული კანდიდატურები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება კოალიციის წარმომადგენლების შესვლას ცალკეულ სახელმწიფო უწყებებში,  დავით ბაქრაძის განმარტებით,  კონკრეტული მექანიზმების შემუშავება ორშაბათის შეხვედრის თემა იქნება.

მისივე განმარტებით,  კოალიციის წარმომადგენლების შესვლას უწყებებში ფორმალური ჩანაცვლების ხასიათი არ ექნება და ახალი გუნდი უბრალოდ სამუშაო პროცესს გაეცნობა.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს, კონკრეტულ უწყებაში დანიშნულმა პირმა ამ უწყების მუშაობის სპეციფიკა არ იცის. ბევრ ქვეყანაში არსებობს გარდამავალი გუნდები, რომლებიც ხელისუფლებას თანდათან იბარებენ და ჩვენთანაც დაახლოებით ამ ფორმით მოხდება“,  - განაცხადა ბაქრაძემ.