შალვა ხაჭაპურიძე: ბეჟუაშვილი გაყალბების შედეგების დაცვას ცდილობს

შალვა ხაჭაპურიძე: ბეჟუაშვილი გაყალბების შედეგების დაცვას ცდილობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ წუთებში თეთრიწყაროს მოსახლეობა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

 რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ინციდენტი მოხდა სასამართლოს წინ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, სიტყვიერი შელაპარაკება „რუსთავი2“-ის ჟურნალისტისა და ერთ-ერთი აქტივისტის მშობელს შორის მოხდა, როელსაც ჟურნალისტმა შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა.

„მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ რაიონული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. აქ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის კობა სუბელიანი, რომლებიც გადაწყვეტილების შეცვლას ცდილობენ. ბეჟუაშვილი გაყალბების შედეგების დაცვას ცდილობს.“,-აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენელმა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გუშინ  სარჩელი შეიტანა. ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ #23 ქოსალარის საარჩევნო უბნის შედეგების ძალაში დატოვებას მოითხოვს და სასამართლოში სარჩელი შეიტანა აღნიშნული უბნის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რომლის შედეგებიც  საოლქო საარჩევნო კომისიამ  ორი დღის წინ ბათილად სცნო.