მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, კოალიცია 8 ოქტომბრიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში საკუთარ წარმომადგენლებს მიავლენს.
უსუფაშვილის თქმით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან, რათა გადაბარების პროცესი უმტკივნეულო იყოს.
„გარდა ამისა, თავიდან რომ ავიცილოთ შეფერხებები საერთაშორისო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, აუცილებელია, ჩვენი წარმომადგენლები თანდათან გაეცნონ სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყების მუშაობის სპეციფიკას. ჩვენ ასევე ჩავერთვებით ჟენევის მოლაპარაკებებში და წარმომადგენელს მივავლენთ ყველა სტრუქტურაში, მათ შორის - ძალოვან უწყებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლების „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის წარმოების ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრას კოალიციის მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების მხრიდან - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ.