ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყნები ქმნიან პარალელურ დიპლომატიურ და თავდაცვით ინსტიტუტებს იმ მომავლისთვის, სადაც აშშ აღარ იქნება ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების მთავარი გარანტი, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
„დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები წარსულ წყენებს ივიწყებენ. ისინი ახალ თავდაცვით პარტნიორობებს ქმნიან და ერთად, სიფრთხილით აკვირდებიან თავიანთ დიდი ხნის მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნულია სტატიაში.
„იმ ექვსი თვის განმავლობაში, რაც პრეზიდენტი ტრამპი აკნინებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ ტრანსატლანტიკურ ალიანსს, მისი ევროპელი კოლეგები ევროპის ყველაზე ძლიერ ქვეყნებში ქმნიან პარალელურ დიპლომატიურ და თავდაცვით ინსტიტუტებს იმ მომავლისთვის, სადაც აშშ აღარ იქნება ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, - წერენ სტატიის ავტორები.
ხუთშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს ფართომასშტაბურ შეთანხმებას ურთიერთთავდაცვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვა პარტნიორობის შესახებ.
გასულ კვირას კი სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ ბირთვული არსენალების კოორდინაციაზე.
ანალიტიკოსების განცხადებით, ეს ძალისხმევა ქმნის ერთგვარ „საგანგებო სიტუაციის“ დაგეგმვის, განხილვისა და მოქმედების სისტემას, რომელიც დამოუკიდებელია შეერთებული შტატებისგან და მზად არის რეაგირება მოახდინოს სულ უფრო აგრესიულ რუსეთზე.
შესაძლოა, ეს სარეზერვო გეგმა არასოდეს გახდეს საჭირო, მაგრამ თუკი ტრამპი გააგრძელებს კონტინენტზე ამერიკული ვალდებულებებისგან თავის არიდებას, ამ ვარიანტის არსებობა შესაძლოა აუცილებელი გახდეს.