კოტე კუბლაშვილი:  ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისა და მუქარის გარეშე

კოტე კუბლაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისა და მუქარის გარეშე

 

„სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც ხორციელდება“, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვდრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის, ევროკავშირის, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ელჩები და ასევე საფრანგეთის ელჩის მოადგილე.

მისი განმარტებით, დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

კუბლაშვილის თქმით, მათ გარკვეული პოლიტიკური ძალის მხრიდან სასამართლოს მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.

კუბლაშვილმა კონკრეტულ ფაქტებიც დაასახელა, როცა მოსამართლეების მიმართ ზეწოლა განხორციელდა.

„ქართული ოცნების   წარმომადგენელი მივიდა მოსამართლესთან სახლში და ესაუბრა კონკრეტულ საარჩევნო დავაზე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამ ადამიანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, სასამართლო სისტემა არანაირად არაა დაკავშირებული და არ ჩაერევა პოლიტიკურ ცვლილებებში. ამავდროულად კუბლაშვილის განცხადებით, სისტემა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა და მთლიანად სასამართლომ პოლიტიკური ჩარევების გარეშე იმუშაოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისა და მუქარის გარეშე. მათაც უნდა იცოდნენ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რომელიც ხორციელდება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.