საგარეო უწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მიესალმება

საგარეო უწყება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საშემოდგომო სესიაზე  რეზოლუცია 1896-ს  მიღებას მიესალმება,  რომელიც  რუსეთის ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებას ეხება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს სახელმწიფოში სისტემის დემოკრატიზაცია განახორცელოს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„შვიდი წლის განმავლობაში ეს რუსეთის ფედერაციის შესახებ პირველი სრულყოფილი მოხსენებაა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პუტინს მოახდინოს რუსეთში ,,სისტემის დემოკრატიზაცია“, - აღნიშნავს საგარეო უწყება. 

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, რეზოლუციები რუსეთსა და საქართველოს ომის შედეგების შესახებ და „უარყოს ქვეყნების დაყოფა გავლენის სფეროებად ე.წ. ,,ახლო საზღვარგარეთი“. 

გარდა ამისა, რეზოლუცია გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პირდაპირი უგულვებელყოფით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

როგორც რეზოლუციის დასკვნაშია აღნიშნული, საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აგრეთვე ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის წინასწარი პასპორტიზაცია, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს რწმენას, რომ საპარლამენტო ასამბლეა შემდგომშიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ევროპული ღირებულებების გავრცელებას.

რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების რუმინელი გიორგი ფრუნდასა და შვეიცარიელი ანდრეას გროსის ანგარიშს ეყრდნობა.