ვიზებთან დაკავშირებით ბრძანებულებაში ცვლილები შევიდა

ვიზებთან დაკავშირებით ბრძანებულებაში ცვლილები შევიდა

"ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილები შეიტანა.

კონკრეტულად, დებულებაში ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვები "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" შეიცვალა სიტყვებით "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ".

გარდა ამისა, დოკუმენტის მუხლს, რომელიც უცხოელთა იმ კატეგორიას განსაზღვრავს, რომელთაც საქართველოში უვიზოდ ყოფნის შეღავათი აქვთ, ემატება პუნქტი. ეს პუნქტი ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ან შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად, ერთხელ მაინც გამოყენებულ ვიზებს ერთი წლის ან მეტი მოქმედების ვადით. ახალი დებულების მიხედვით, მათ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ვიზის მოქმედების ვადისა.

ამავე ცვლილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების (Laissez Passer) მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე.

ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა  ხელი უკვე მოაწერა.