გიგა ბოკერია: რეგიონებში ძალადობის მუქარის დროული შეწყვეტა გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

გიგა ბოკერია: რეგიონებში ძალადობის მუქარის დროული შეწყვეტა გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საოლქო-საარჩევნო კომისიებში ძალადობისა და ძალადობრივი მუქარის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს და მთავარ გამოწვევად ამ პროცესის მშვიდობიან დასრულებას ასახელებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული ძალა არსებობს, პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდად დასრულებისა, ორმაგად დიდია.

ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი პროცესის მშვიდობიან და კონსტიტუციურ ფარგლებში დასრულების მთავარი პრობლემა დღეისთვის არის ძალადობა და ძალადობის მუქარა, რისი გახშირებული ფაქტებიც ბოლო დროს სხვადასხვა რეგიონში ფიქსირდება.

„მივესალმებით კოალიციის ლიდერის განცხადებას, რომელიც შეიცავდა მოწოდებას თავშეკავებისკენ, თუმცა, ეს მოწოდება ჯერ არ განხორციელებულა, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროცესის დროულად და მშვიდობიანად დასრულება, ასევე არჩევნების შეჯამება, რომლის შედეგებიც დავების მიუხედავად ნათელია, არის არა ხელისუფლების ან რომელიმე კანდიდატის ინტერესებში, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების მომავლის ინტერესში", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ამ პროცესის დროული და მშვიდობიანი დასრულება გადამწყვეტი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ბოკერიას აზრით, თუ ის ხალხი, ვინც არჩევნებში ქართველი ხალხის მანდატი მოიპოვა, გულწრფელია, ეს ამოცანა შესრულებული იქნება.