გამოცხადდება თუ არა ჩაშლილად ზუგდიდის არჩევნები?
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის იურისტ ლადო სანიკიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული ზუგდიდში არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს, რადგან ძალიან ბევრი დარღვევები ფიქსირდება უბნებზე, მათ შორის ის დარღვევაც, როდესაც ჯარისკაცს უფლება არ აქვს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ზუგდიდში კი ორმა სპეცუბანმა დაუჭირა მხარი როლანდ ახალაიას კანდიდატურას.
„ზუგდიდში ძალიან ბევრ უბანზე ფიქსირდება დარღვევები. დაწერილია საჩივარი და წარდგენილია საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყველა უბანზე დამკვირვებლების მიერ შესაძლებელია დოკუმენტალურად ვერ არის დასაბუთებული არსებული დარღვევები, თუმცა „კარუსელების“ არსებობა ვიდეოგადაღებებითაა დადასტურებელი და შესაძლებელია ეს სასამართლოს განსჯადიც გახდეს, რამდენად კონსტრუქციულად ჩატარდა არჩევნები ზუგდიდში“,-აღნიშნავს იურისტი და აცხადებს, რომ ასეთი სასამართლო პრეცედენტები 1999 წელს შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი იყო როდესაც 5 მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ცენტრალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად სცნო.
„ჩვეულებრივი სასამართლოს დროს, როდესაც ოლქი მიიღებს გადაწყვეტილებას და არ იქნება პროცედურულად დაცული თანმიმდევრობა თითოეულ ოლქთან დაკავშირებით, საერთო ჯამში მომხდარი დარღვევეების ფონზე, მოწმეების დაკითხვის ფონზე თუ ეს ვერ იქნა მიღწეული, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართოთ, აქ შესაბამისი ვადებია განსაზღვრული, საბოლოოდ კი შესაძლებელია მთელი ოლქი გამოცხადდეს ბათილად“,-აცხადებს სანიკიძე.
სანიკიძის განცხადებით, ცესკო განცხადებებს რომ აკეთებს, რომ ნუ არის ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხრიდანო, ნუ იქნება ზეწოლა ცესკო-სა და ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიებზე, მისცენ საშუალება სამართლიანად განიხილონ მათ ჩვენი საჩივრები.
„ კანონით არის განსაზღვრული, რომ ჯარისკაცს უფლება არ აქვს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, როდესაც შენ საოლქო კომისიას უსაბუთებ ამას, რომ ერთი დღით შექმენი სპეციალური 800-900 კაციანი საარჩევნო უბნები, რომ მაჟორიტარ კანდიდატს დახმარებოდი და საოლქო კომისიაში 8-9 წევრი ისევ ხელს წევს, რომ ამ საჩივარს არ აკმაყოფილებს,ისმევა კითხვა- რატომ? იმიტომ რომ კითხვა არ იციან და კანონს ვერ კითხულობენ, თუ დავალება აქვთ ასეთი?
უკაცრავად, მაგრამ როდესაც ჩვენ 2003 წელს ქუჩაში ვიდექით ჩვენი ხმები რომ დაგვეცვა, მაშინაც ხომ იჯდნენ საოლქო კომისიებში ადამიანები, რომელთაც ჰყავდათ სხვათაშორის ოჯახის წევრები სახლში, მაგრამ ჩვენ მათ მოვთხოვეთ სამართლიანობა და კანონი აღედგინათ და გაყალბებული შედეგები გადაესწორებინათ. ესენი უმრავლესობით რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებში , ხომ წარმოდგენიათ როგორ მოიქცეოდნენ?“,-აღნიშნავს იურისტი.
ლადო სანიკიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი არ გამოიტანა, მაშინ ეს ყველაფერი პარლამენტში გადაწყდება.
„ პროცედურა ასეთია-სანამ ახლადარჩეული პარლამენტის წევრები საკუთარ უფლებამოსილებას არ სცნობენ, ისინი დეპუტატები არ არიან. საპარლამენტო უმრავლესობა პირველივე სხდომაზე შექმნის საპარლამენტო კომისიას. საპარლამენტო კომისია ზუგდიდიდან, ხაშურიდან და ასეთი პრობლემური რაიონებიდან შემოსულ განცხადებებს და საჩივრებს განიხილავს და განაცხადებს, რომ საოლქო და საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და თვითონ მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ანუ საპარლამენტო კომისია 150-დან 141-ის თუ 142 კაცის უფლებამოსილებას სცნობს და დანარჩენის არ სცნობს, რადგან ახლადარჩეული პარლამენტის წევრებს მიიჩნევენ, რომ ამ ოლქებში საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად არ ჩატარდა“-აცხადებს სანიკიძე.