არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" ევროსაბჭოს პატიმართა იმ სიას გადაუგზავნის, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოლიტპატიმრების სტატუსით იხდიან სასჯელს.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამის გარდა, ხელახალი სასამართლოს მოთხოვნით ისინი მიმართვას საქართველოს ხელისუფლებასაც გადაუგზავნიან.
„ჩვენ ერთის მხრივ, ევროსაბჭოს ვუგზავნით ჩვენი პატიმრების სიას, მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ ეს ადამიანები დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებულნი ან ევროსაბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, მათზე ჩატარდეს დამატებითი სასამართლო პროცესები. ამის მიხედვით, დადგინდება რეალურად არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტ-პატიმრები და ამის შემდეგ ისინი კანონიერად გათავისუფლდნენ“, - განაცხადა კაკაბაძემ.
უფლებამდცველის თქმით, ევროსაბჭომ მიიღო კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს ყველა ქვეყანა ვალდებული გახდა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებიან დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ან სასამართლო პროცესები ჩაატარონ და სასამართლოს გზით მოხდეს მათი გათავისუფლება.