საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ამ დრომდე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესს ახორციელებს. ცესკოს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე ხმათა 99,5% - ია დათვლილი.
3677 უბნის წინასწარი შედეგებით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 54,92% , „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი, 40,35% აქვს.
კონკრეტულად, ცესკო-ს მონაცემებით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 54,92%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 40,35% აქვს, „გიორგი თარგამაძე -ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ - 2,04%, ხოლო „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,24%.
ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.
ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
შესაბამისად, ყველა თანხმდება, რომ პარლამენტში უმრავლესობით კოალიცია შევა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა შეასრულა და საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველო ერთ მუშტად შეკრა, თუმცა ქართული ოცნებების ასრულების ხანა ახლა იწყება.
არჩევნებში დამარცხება „ახალმა მემარჯვენეებმა“, „ლეიბორისტებმა“, „ქრისტიან-დემოკრატებმა“, „თავისუფალმა საქართველომ“ და კიდევ 12 პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, მმართველმა ძალამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იწვნია.
არჩევნებში დამარცხება და კოალიცია „ქართული ოცნების“ უპირატესობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა და აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად, ოპოზიციაში გადაინაცვლებს.
თუ რისთვის შეიძლებოდა ემზადებოდეს დამარცხებული გუნდის ლიდერი და როგორი იქნება ოპოზიციაში ყოფნის დროს, მათი სავალი გზა, ეს ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სუბიექტებსა და ექსპერტებს რიგ კითხვებს უჩენს, თუმცა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: „არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ უპირატესობის მოპოვება, ნიშნავს იმას, რომ მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმ პროცესებს, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება“.
შესაბამისად, საზოგადოების ინტერესის საგანს კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, დაკომპლექტებული მინისტრთა ახალი კაბინეტი წარმოადგენს.
როგორც ივანიშვილი აცხადებს, მას მთავრობის დაკომპლექტების ახალი პროექტი გააჩნია, თუმცა აღნიშნავს, რომ ის მისი გუნდის წევრებმაც არ იციან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ბიზნესცენტრში 11 საათიდან შეკრებილი კოალიციის ლიდერები, სწორედ ამ საკითხზე, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მსჯელობდნენ.
როგორც From.ge -ისთვის გახდა ცნობილი, ახალი მინისტრთა კაბინეტის მონახაზი უკვე არსებობს და მას გამარჯვებული გუნდის ლიდერი ივანიშვილი, დამარცხებული გუნდის ლიდერს სააკაშვილს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
სანდო წყაროს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემდეგი ფორმირებაა მოსალოდნელი:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი- მაია მიმინოშვილი; თავდაცვის მინისტრი: სოზარ სუბარი; ჯანდაცვის მინისტრი- დავით საგანელიძე, ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - კახი კალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი- კახა შარტავა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე: შალვა შავგულიძე და თინა ხიდშელი მოიაზრებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თედო ჯაფარიძის,ნინო ბურჯანაძისა და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, დავით უსუფაშვილის ან მანანა კობახიძის კანდიდატურებს ასახელებენ. გაურკვეველია, ვინ იქნება შს მინისტრი, საუბარია, რომ ამ პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურა განიხილება, მაგრამ თუკი ამ უწყების ხელმძღვანელად ალასანია დაინიშნა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ დასახელდება.
ახალ მინისტრთა კაბინეტს, რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვალენებს, ის ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
რამდენად გამართლდება სანდო წყაროს ცნობები და გახდება თუ არა არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალური შედეგი ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის, რომ საქართველოში მიმზიდველი პოლიტიკური თამაშებია მოსალოდნელი ამაზე დღეს ყველა თანხმდება.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიებს უძღვნის სხვადასხვა უცხოური გამოცემები, ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ პროექტი იწყება და „ვარდების რევოლუცია“ ყველასთვის მოულოდნელად წარულს ჩაბარდა.