პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა ოჯახში დაბრუნდა.
სურმავას მეუღლის მაკა ლობჟანიძის განცხადებით, სურმავა სახლში წუხელ ღამით მივიდა.
„ჩვენთან მხოლოდ ორი საათი გაჩერდა, შემდეგ კი, გადავწყვიტეთ, რომ დაისვენოს და სხვაგან გავუშვით. აბსოლუტურად არაფერზე ლაპარაკობს და ვფიქრობ რაიმე კითხვის დასმას ახლა აზრიც არ აქვს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ბესოს დაღლილი და ნაწამები სახე აქვს“, - განაცხადა ლობჟანიძემ.
მისივე განმარტებით, „დეტალებში არ უსაუბრიათ, თუმცა დასვენების შემდეგ ბესო სურმავა,, ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან მისვლასაც გადაწყვეტს“.
ცნობისთვის, ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას ადგილსამყოფელი 7 დღე იყო დაუდგენელი. ის არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაუჩინარდა. მალევე სოციალური ქსელის მეშვეობით მისი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წევრების მოსმენებს და მათი ჩანაწერების გაკეთებას ავალებდა. სურმავას სახელით Youtube-ზე რამდენიმე საუბრის ჩანაწერიც განთავსდა, რომელშიც კოალიციის წევრები ერთმანეთს და უშუალოდ „ქართული ოცნების“ლიდერ ბიძინა ივანიშვილს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ.