ხაშურის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილმა განაცხადებით, „ქართული ოცნება" ხაშურში 10 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამის საჩივარს ისინი დღეს შეიტანენ.
გელაშვილი აცხადებს, რომ ათივე უბანში სპეცრაზმი იყო შესული და ადასტურებს, რომ მესამე უბანზე სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი გამოიყენა.
„ამ უბანთან ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი საკუთარი ხმების დასაცავად, რადგან იცოდნენ, რომ გაყალბება იგეგმებოდა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო მხუთავი გაზი და რეზინის ტყვიები“, - განაცხადა გელაშილმა.
ამასთანავე მისი თქმით, ძალიან ბევრ უბანზე ჩაყარეს ყალბი ბიულეტენები და ერთ შემთხვევაში მოსახლეობამ სამი გამყალბებელიც კი დააკავა.
„წყალტუბოდან იყო ჩამოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი. მათ სოფელ ტაშისკარში უბანზე ყუთში ყალბი ბიულეტები ჩაყარეს. მათ ამომრჩევლები გაეკიდნენ და ისინი მეორე სართულიდან გადმოხტნენ, რა დროსაც ერთმა ფეხი მოიტეხა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მაშინ გაიგეს მისი ვინაობა, რომელიც ზაზა გაგიაძე აღმოჩნდა.", - განაცხადა გელაშვილმა.