რამდენიმე ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ზუგდიდისა და ხაშურის ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, „ღია დემოკრატიის ინსტიტუტის“ და მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ არჩევნებს ორგანიზაციის 100 დამკვირვებელი აკვირდებოდა და მათ მიერ აღნიშნულ ოლქებში ტოტალური და ძალადობრივი მეთოდებით გაყალბება დაფიქსირდა.
„საარჩევნო უბნებზე იყო ამომრჩეველზე ბევრად ნაკლები ბიულეტენი, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეწოლას, დაშინებას, „კარუსელებს“ და გაყალბების სხვა აპრობირებულ მეთოდებს. სიაში იყვნენ გარდაცვლილი ადამიანები, ასევე არსებობდა პრობლემები ხმების დათვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა დავითაიამ.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლის, შოტლანდიელი დამკვირვებლის სტივენ მიტჩელის განცხაადებით, მისი ორგანიზაცია არჩევნებს 10 სხვადასხვა ჯგუფით რამდენიმე ოლქში, მათ შორის ზუგდიდში აკვირდებოდა. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელის, კანადელი დამკვირვებლმა ანდრეი დორიჩენკომ კი აღნიშნა, რომ ამ უბნებზე რამდენიმე მნიშნელოვანი დარღვევა დააფიქსირეს.
„აღმოვაჩინე, რომ ხშირად ხმას აძლევდნენ გარდაცვლილი ადამიანების სახელით და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები. უბნებზე, ასევე, დაფიქსირდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტები“, - განაცხადა მან.
დორიჩენკო ასევე გაოცება გამოხატა ხაშურში მომხდარ მოვლენებზე. მისი თქმით, ის რაც ხაშურში ნახა სხვაგან არასოდეს უნახავს და იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის საარჩევნო უბნებზე ხმების თავიდან გადათვლა მოხდება.
ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ ხელმძღვანელის იური ვაზაგაშვილის თქმით, მიუხედავად უამრავი დარღვევისა და გაყალბებისა, არჩევნები შედგა. თუმცა დღესვე, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, ერთხელ მაინც გადადგას გონივრული ნაბიჯი და დატოვოს თანამდებობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.