"თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ისინი აპირებენ შორიდან დააკვირდნენ პოლიტიკურ პროცესებს და თუ დაინახავენ, რომ ქართულ საზოგადოებას ისინი არ სჭირდება, პოლიტიკიდანაც კი წავლენ.
კუკავას თქმით, პარტიის არც ერთი წევრის და მათ შორის არც მისი თვითმიზანი და იდეაფიქსი არ არის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა.
მისი თქმით, პარტია არ აპირებს იმ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსივით „თავს არ გაიმარგინალებს“.
„ფაქტია, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდობლობა გამოგვიცხადა; ეს დღესავით ნათელია. ჩვენ ხმების 0,5% მოვიპოვეთ და 0,5%-იანი პარტია არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს. არა მგონია, 0,5%-იანი მხარდაჭერის ფონზე პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აზრი ჰქონდეს. თუ დავინახეთ, რომ ვითარება შეიცვალა, შევეცდებით, მომავალ პოლიტიკურ პროცესში ჯანსაღი ფუნქცია ვიტვირთოთ",- დასძინა კუკავამ.