არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა შესაბამის ტექსტს აქვეყნებს.
From.ge სტურუას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს ქართველი კაცი ბედნიერი შეხვდა მზის ამოსვლას... კიდევ ერთხელ... ო, რა უსაზღვროა რომანტიზმზე დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი... ფრთხილად, გველეშაპი ჯერ ცოცხალია, ყოველდღიურ მსხვერპლს ელოდება ჩვენგან - სისხლი სწყურია, როგორც ყოველთვის... ის ადამიანები კი, გუშინ რომ ერთგულად ემსახურებოდა ამ ურჩხულს, დღეს ბედნიერი ღიმილით გვილოცავენ და მერე სადღაც კუთხეში, ჩუმად თავს იმართლებენ: რა ვქნა, ცოლ-შვილი, სამსახური, ხელფასი, პრემიები, ტელევიზია - და გეცოდება ეს უბედური, და პატიობ: ქართველი ხარ და აბა რას იზამ... და მახსენდება ჩემი სპექტაკლი „დრაკონი“ - ახალგაზრდა ჯაშუშს ეკითხება გმირი:
- რა მოხდა ისეთი, რომ ახალგაზრდა კაცმა ჯაშუშობა მოინდომე?..
- რა გვექნა, ასე გვზრდიდნენ, ასე გვასწავლიდნენ სკოლაში.
- მერე? ხუთებზე რატომ სწავლობდი?.. ფრიადოსნობა რად მოისურვე?
ეს ხუთოსანი მარიონეტები პარლამენტში ჩაჯდებიან და ერი ისევ მყრალ ჭაობაში ამოყობს თავს... ფრთხილად!.. ფრთხილად! „ჯერ კიდევ ყრის ნაყოფს დამპალი საშო...“(ბრეჰტი)“, - აღნიშნავს რობერტ სტურუა.